მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ყოველმა ჩვენგანმა უნდა ჰკითხოს თავის თავს, რას აკეთებს რწმენისა და მამულისათვის
ეპისტოლე II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავის გამო

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მშვიდობა ოჯახიდან იწყება


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

მშვიდობა ოჯახიდან იწყება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა,

დღევანღელ დღეს შენდობის კვირიაკე ეწოდება. ამ დღესასწაულს დასაბამი უძველესი დროიდანვე დაედო ეგვიპტის მონასტრებში, სადაც ბერები დიდმარხვის დაწყების წინ ერთად იკრიბებოღნენ, ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ და აღდგომის საგალობლებით უდაბნოში გადიოდნენ. ისინი დიდმარხვას უდაბნოში ატარებდნენ და მათი სულიერი მოღვაწეობის მოწმე მხოლოდ უფალი იყო.

დღევანდელ დღეს ადამიანმა განსაკუთრებით ნათლად უნდა დაინახოს საკუთარი თავი, საკუთარი გული და სულიერი სამყარო. ადამიანი ძალიან ხშირად ცდება სიკეთისა და ბოროტების გარჩევაში, საკუთარი თავის შეფასებაში. ეს იცოდა სოლომონ მეფემ და ამიტომაც სთხოვა მამაზეციერს, მიეცა მისთვის გული ბრძენი და გონიერი, რათა ერთმანეთისაგან გაერჩია კეთილი და ბოროტი. ჩვენ მართლაც განსაკუთრებით გვჭირდება ეს გრძნობა გარჩევისა, ეს შინაგანი ხედვა, რადგან ბოროტება ხშირად ინიღბება და თავის თავს სიკეთედ წარმოადგენს. ეს შინაგანი ხედვა საკუთარი ცოდვების შეცნობაშიც დაგვეხმარება და მეტი გულწრფელობით წარმოგვათქმევინებს დიდი სულიერი მამის, ეფრემ ასურის, ლოცვის ცნობილ სიტყვებს: ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, მართლაც უდიდეს ცოდვას სჩადის ადამიანი, რომელიც იმ დროს, როცა თავის თავს ვერ ხედავს, მოყვასს განიკითხავს. ამ დროის იგი ისე იქცევა, თითქოს სხვისი გამოსწორება სურდეს და სინამდვილეში კი იმას აღწევს, რომ განკითხვით მოყვასს ცოდვებისაგან ათავისუფლებს და მის ცოდვებს საკუთარ თავზე იღებს.

მაინც რას წარმოადგენს ეს კვირიაკე, შენდობის დღე, რა არის ცოდვა და მადლი? ჩვენ უფრო ხშირად და უფრო მეტს ჩვენს მიერ გაკეთებულ სიკეთეზე ვფიქრობთ და თუ ოდესმე მისი სახელით რაიმე გაგვიკეთებია, არაფრით აღარ ვივიწყებთ, ხშირად ვაყვედრით კიდევაც მათ, ვის წინაშეც რაღაც დამსახურება მიგვიძღვის და ამგვარად ვკარგავთ იმ მადლს, რომელიც სიკეთისათვის გაწეული სამსახურის გამო მივიღეთ.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საკუთარ ცოდვებსა და შეცდომებზე დაფიქრება გვმართებს ანუ განცდაჲ თვისთა ცოდვათა. მადლი ღვთისა - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი ყოველ ჩვენგანს შეგვახსენებს, რა არის განცდაჲ თვისთა ცოდვათა, მაგრამ მადლიც მოსაპოვებელია და მისი მოპოვება მხოლოდ თავმდაბლობითაა შესაძლებელი. შეიძლება ადამიანს რწმენაც ჰქონდეს და სიყვარულიც, მაგრამ თუ თავმდაბლობა არა აქვს, მადლს მაინც ვერ მიიღებს, რადგანაც უფალი მადლს მხოლოდ თავმდაბალთ ანიჭებს, ხოლო ამპარტავანთ შემუსრავს. ასეთია განგება ღვთისა. ცოდვათაგან უდიდესი და უპირველესი ამპარტავნებაა. სწორედ ამპარტავნებამ დაღუპა ანგელოზი და ეშმაკად აქცია. ამპარტავნების გამო იქნენ გამოდევნილნი სამოთხიდან ადამი და ევა. ამ ცოდვისაგან განწმენდა, როგორც წმიდა მამები ამბობენ, მხოლოდ ყოვლად წმიდა სამებას შეუძლია. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ თავის ღირსებას იცავს, სინამდვილეში კი მასში ეს საშინელი ცოდვა - ამპარტავნება ბუდობს, რასაც შედეგად უცილობელი დაცემა მოსდევს.

თავმდაბლობა ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში უნდა გამოიჩინოს, უთანხმოება, რომელიც დღევანდელ ოჯახთა საერთო სენს წარმოადგენს, იმ მატერიალური და სულიერი სიღატაკის შედეგია, რომელსაც თანამედროვე ადამიანი განიცდის და მხოლოდ თავმდაბლობით მოისპობა. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ წმინდანთა ცხოვრებიდან. პირველ საუკუნეებში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, ცოლი ღვთისმოსავი ქრისტიანი ყოფილა, ხოლო ქმარი - წარმართი. ოჯახს მატერიალურადაც უჭირდა, რადგან ცოლ-ქმარს არაფერი ჰქონია ორმოცდაათი ვერცხლის გარდა, როცა ისინი ერთმანეთს ეთათბირებოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ეს მცირეოდენი თანხა, ქმარს წამოუყენებია წინადადება მისი გასესხების შესახებ, რათა უფრო მეტი დაბრუნებოდათ, ხოლო ცოლს ღვთისთვის მიცემა შეუთავაზებია. მართლაც ცოლ-ქმარი ეკლესიაში წასულა და მთელი თანხა მათხოვრებისათვის დაურიგებიათ. როცა ისე გასჭირვებიათ, რომ ოჯახს სასმელ-საჭმელი შემოკლებია, ქმარს უკითხავს, როდის დაუბრუნებდა მიცემულ თანხას ქრისტიანთა ღმერთი. ცოლს იგი ეკლესიაში გაუგზავნია, ხოლო თვითონ ლოცვა დაუწყია, რომ უფალს მისი ქმრისათვის სასწაული ეჩვენებინა, რათა იგი მოქცეულიყო. ეკლესიაში მისულ კაცს მხოლოდ ერთი ვერცხლის ფული უპოვია იატაკზე დაგდებული და შინ წამოსულა. ცოლ-ქმარს ამ ფულით თევზი და პური უყიდია, მაგრამ თევზის დაჭრისას მის მუცელში ძვირფასი ქვა უნახავთ, რომელიც შემდეგ გაუყიდიათ და ოჯახიც გაჭირვებიდან სამუდამოდ ამოსულა. ამ სასწაულის შედეგად ქმარი ქრისტიანობაზე მოექცა და ირწმუნა, რომ ღვთის სახელზე გაცემული მოწყალება ადამიანს ასმაგად უბრუნდება. ასე იხსნა ღვთისმოსავმა ქალმა თავმდაბლობითა და მორჩილებით მეუღლის სული წარწყმედისაგან.

ოჯახში აუცილებლად უნდა სუფევდეს თანხმობა, რადგან მშვიდობა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახიდან იწყება. მინდა განსაკუთრებით ახალგაზრდობას მოვუწოდო ოჯახში მშვიდობისაკენ და შევახსენო მცნება ღვთისა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, დედისა და მამის პატივისცემით თქვენ მხოლოდ მადლს მოიპოვებთ და დღეგრძელნი იქნებით. დღეს საღამოს, როცა ეკლესიიდან შინ დაბრუნდებით და დედ-მამასთან მიხვალთ, დაუჩოქეთ მათ, როგორც მოძღვარს, ხელზე ემთხვიეთ და დალოცვა სთხოვეთ.

განსაკუთრებით ძნელია იმათი შენდობა, რომელნიც ტკივილს დაუმსახურებლად გვაყენებენ, მაგრამ გავიხსენოთ, რომ არ არსებობს კაცი, რომელიც სცხონდა და არა სცოდა და მათაც შევუნდოთ. ცოდვა მრავალგვარია, არსებობს ცოდვა საქმით და ცოდვა სიტყვით ჩადენილი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველ სიტყვაზე პასუხს ვაგებთ უფალთან და მეტი მოთმინების გამოჩენა გვმართებს, რათა ადამიანი სიტყვით არ მოვკლათ. ამ მოთმინებას, ისევე როგორც ყოველგვარ სათნოებას, საფუძვლად მართლმადიდებელი სარწმუნოება უნდა ედოს.

დღევანდელ დღეს ყოველ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, გათავისუფლდეს იმ ცოდვებისაგან, რომელიც აწევს. ნუ დაელოდებით, რომ სხვები მოვლენ და პატიებას გთხოვენ, თქვენ თვითონ მიდით, როგორც ეს ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და ეკლესიურ ადამიანებს შეჰფერით და თავი მოიდრიკეთ მათ წინაშე. ერთხელ კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ ქედმაღლობა და ამპარტავნება განსაკუთრებით ქართველებს გვახასიათებს და ხშირად მძიმე განსაცდელიც სწორედ მისი მიზეზით გვატყდება თავს. ჩვენ ყოველი ღონით უნდა შევებრძოლოთ ამ ცოდვას და მისი აღმოფხვრა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ეცადეთ არავინ დაგრჩეთ ნაწყენი, ეცადეთ ყველას შეუნდოთ და ყველას შეურიგდეთ.

მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ ადამიანი რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, მით უფრო ნათლად ხედავს თავის დანაშაულსა და ცოდვებს. არასოდეს არ უთქვამს არცერთ წმინდანს, წმინდანი ვარო, პირიქით, მათი სულიერი სიმაღლე იმაში გამოიხატებოდა, რომ ნათლად ხედავდნენ თავიანთ ცოდვებს და თავს ყველაზე დიდ ცოდვილებად თვლიდნენ. ადამიანი, რაც უფრო იწმინდება სულიერად, მით უფრო გრძნობს თავის უღირსებას და სიშორეს უფალთან, და რაც საოცარია, ამავე დროს იმასაც გრძნობს, რომ უფალი მასშია და იგი უფალთან არის.

პასუხისმგებლობა საქართველოში შექმნილი დღევანდელი მდგომარეობისათვის ყველას გვაკისრია, მაგრამ მე, როგორც კათოლიკოს-პატრიარქი, ყველაზე მეტად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე. ყოველთვის მძიმე იყო ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა იგი დღეს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად მე ვხედავ როგორ იღუპება ადამიანი და ვხედავ იმასაც, თუ როგორ შეიძლება მისი გადარჩენა, მაგრამ მაინც ვერაფერს ვშველი, რადგან თვითონ მას არ აქვს სურვილი გადარჩენისა.

ამ დალოცვილსა და კურთხეულ დღეს, როცა უფლისაგან ყველა ადამიანი იღებს შენდობას, მეც ვთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, რომ უპირველეს ყოვლისა, შეუნდოს ჩვენს ერს, ყოველ ადამიანს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს ეკუთვნის. შევსთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, გააერთიანოს საქართველო და ქართველი ერი.

ამ კურთხეულ დღეს შენდობას ვითხოვ ჩემთვისაც, მაპატიეთ მე, თქვენს შორის ყველაზე ცოდვილს.

ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.

23 თებერვალი, 1993 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 4.3/6
ნანახია: 920 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0