მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა იესო ქრისტეს ამაღლების დღეს
უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ბოროტების განკურნება მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით შეიძლება


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ბოროტების განკურნება მხოლოდ სიყვარულით და სიკეთით შეიძლება

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

აი უკვე ოცი საუკუნეა არსებობს კვირიაკე მიტევებისა ანუ ცოდვათა შენდობისა. ეს დღესასწაული, როგორც ცნობილია, ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ბერებმა დააარსეს. ამ დღეს ისინი ერთად იკრიბებოდნენ, ერთმანეთს პატიებასა და შენდობას სთხოვდნენ, შემდეგ აღდგომის დღესასწაულის საგალობლებს გალობდნეn და ცალცალკე გადიოდნენ უდაბნოში, სადაც დიდ მარხვას თავისთავთან განმარტოებულნი, ლოცვაში ატარებდნენ. ეს საოცარი წესი დღესაც სრულდება ტაძრებში, ამ დღეს ჩვენ ერთმანეთს ცოდვების შენდობას ვთხოვთ, ოღონდ უდაბნოში კი არ მივდივართ, არამედ საკუთარ სულიერ სამყაროში შევდივართ ღვთისა და საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად, ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: შეიცან თავი შენი! ანუ გაიგე ვინ ხარ, რისთვის მოხვედი, სად მიდიხარ და რა არის შენი მიზანი. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა განსაკუთრებით ჩვენ, მორწმუნე ქრისტიანებს გვმართებს,

ძალიან ხშირად ჩვენ გვიჩნდება სურვილი დედამიწაზე სამოთხის შექმნისა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწა არ არის და ვერც იქნება სამოთხე, პირიქით, ეს არის ადგილი, სადაც ღმერთმა სამოთხიდან გამოძევებული ადამი თა ევა დაამკვიდრა. სწორედ დღეს ვიხსენებთ ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნასაც. ჩვენ მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რომ დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება მხოლოდ გამოცდაა და კარიბჭე იმ დიდი ცხოვრებისა, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის, მიუხედაგად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო. ის დაუსრულებელი ცხოვრება ან დაუსრულებელი ნეტარება იქნება, ან დაუსრულებელი ტანჯვა, იმისდა მიხედვით, როგორ გავუძელით მიწიერ განსაცდელს და ავიტანეთ თუ არა იგი ღვთის სასოებითა და სიყვარულით.

დღეს მიტევების კვირიაკეა, ცოდვათა შენდობის დღე, უფალი ჩვენი იესო ქრისტე მათეს სახარების მეექვსე თავის მეთოთხმეტე მუხლში ამბობს: უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან, ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი (მათე 6,14-15). მაშასადამე, შენდობა ჩვენი ცოდვებისა დამოკიდებული ყოფილა არა მხოლოდ ღმერთზე, არამედ ჩვენს საკუთარ თავზეც. ამის შესახებ პირდაპირ გვეუბნება უფლის მიერ წარმოთქმული ლოცვა „მამაო ჩვენო", სადაც ნათქვამია: და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი,  ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, ანუ თანამედროვე ენით, მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოვალეთა ჩვენთა, ე.ი. როგორც ჩვენ ვაპატიებთ ადამიანებს შეცოდებას, ისე მოგვიტევე ჩვენც. თუკი ამ ლოცვის წარმოთქმისას გულში მტრობა და ღვარძლი გვექნება, მაშინ ჩვენი სავედრებელი უფლის მიმართ ის იქნება, რომ მან ცოდვანი ჩვენნი არ გვაპატიოს.

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ რაც დრო გადის, ჩვენი მსჯელობა და აზროვნება, დამოკიდებულება სერიოზული საკითხებისადმი უფრო და უფრო ზედაპირული ხდება, განსხვავებით ჩვენი წინაპრებისაგან, რომელნიც ლოცვის ყოველ სიტყვასა და მის დედააზრს ძალიან ღრმად განიცდიდნენ. მე მინდა თქვენ ასეთი მაგალითი მოგიყვანოთ. დიდი შოტლანდიელი მწერალი რობერტ სტივენსონი, ალბათ ბავშვობაში წაგიკითხავთ მისი წიგნი „განძთა კუნძული", ჭლექით იყო ავად. ამიტომ გადაწყვიტა, წასულიყო ინგლისიდან და წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე დასახლებულიყო. ასეც მოიქცა. ერთხელ, ლოცვის დროს, როცა „მამაო ჩვენოს" კითხულობდნენ, იგი ადგა და ოთახიდან გავიდა; მეუღლე გაჰყვა და ჰკითხა, ავად ხომ არ იყო. ღრმა რელიგიური გრძნობების მქონე მწერალმა უპასუხა, რომ ღირსად არ თვლიდა საკუთარ თავს წაეკითხა ან მოესმინა „მამაო ჩვენო", რადგანაც იმ დღეს ვერ შეძლო ეპატიებინა სხვისთვის შეცოდება.

მართლაც ძნელია აპატიო ადამიანს, ვისთვისაც მრავალი სიკეთე გაგიკეთებია, ვისთვისაც არაფერი დაგნანებია, თვით სიცოცხლეც კი, ხოლო მას სამაგიერო ბოროტებით გადაუხდია. მაგრამ თუ ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ და მხოლოდ სახელს არ ვატარებთ ქრისტიანებისას, მაშინ მაინც უნდა შევძლოთ პატიება და იმ ღვარძლის ამოგლეჯა გულიდან, რომელიც ბოროტმა ხელმა დათესა.

ძალიან ხშირად ადამიანი იარაღი ხდება ბოროტი სულისათვის, შესაძლებელია ეს ჩვენც დაგვემართოს, ჩვენც აღმოვჩნდეთ ბოროტის სამსახურში. როგორ ვუშველოთ, როგორ გადავარჩინოთ სხვაც და საკუთარი თავიც? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მინდა შეგახსენოთ წმიდა ბასილი დიდის სიტყვები, რომ ბოროტებას ბოროტება ვერ განკურნავს. თუ ბოროტებას ბოროტებით გადაუხდი, ბოროტება ორმაგი გახდება, იგი სხვაშიც და შენშიც გაძლიერდება. წამალი ბოროტებისა მხოლოდ ერთია - სამაგიეროს გადახდა სიყვარულითა და სიკეთით. მხოლოდ სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს ძალუძს ბოროტების განკურნება. შეიძლება ბოროტებისათვის სხვას სამაგიერო არ მივუზღათ, მაგრამ გულში მაინც გვახსოვდეს იგი, ესეც დაუშვებელია. მართალია, ძნელია მიყენებული ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფალს შეუძლია აღმოფხვრას ჩვენი გულიდან ხსოვნა წყენისა. სიყვარული მართლმადიდებლურ რწმენაზე უნდა იყოს დამყარებული, მართლმადიდებელი ეკლესია ხომ ის უდიდესი საუნჯეა, რომელიც ქრისტეს განუყოფელი, მთლიანი ეკლესიის რწმენას იცავს. ამიტომაც შემოჰყურებს დღეს მთელი პროტესტანტული სამყარო მართლმადიდებელ ეკლესიას იმედით. ჩვენი სიყვარული სჭირდება არა იმას, ვინც ჭეშმარიტების გზაზე დგას და ვისთანაც უფალია, არამედ იმას, ვისაც უჭირს, ვინც თბილ სიტყვასა და ჩვენგან შეწევნას მოითხოვს.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, მართალია, საქართველოს არასოდეს მოკლებია მტერი, მაგრამ წარსულში ქართველმა კაცმა იცოდა ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. ახლა კი ამის გარჩევა ძალიან ჭირს. მაგონდება ერთი იაპონური ლექსი, რომელშიც ნათქვამია, მოვიდა გაზაფხული, აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლიც და უკვე ვეღარ ვარჩევ, სად არის ყვავილი და სად თოვლი. სწორედ ასეთი დრო დაგვიდგა, ჩვენც ვეღარ ვარჩევთ სად არის თოვლი და სად ყვავილი, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, ამიტომ იმის გასარკვევად, თუ სად არის ჭეშმარიტება, უფლის გზაზე უნდა დავდგეთ, ხომ თვითონ უფალი გვეუბნება: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

ვფიქრობ, არასოდეს ისე საჭირო არ ყოფილა ცოდვათა შენდობა და მიტევება, როგორც დღეს, როცა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო ღელავს.

ქართველი ერი თავისუფლებაზე ოცნებობს, მაგრამ რა არის თავისუფლება? თავისუფლების გზაზე წინსვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ვნებებისაგან უნდა განვთავისუფლდეთ, ჩვენი თავი უნდა დავძლიოთ. შეგახსენებთ ბიბლიაში გადმოცემული ისრაელის ისტორიას, როგორც კი ებრაელთა ერი ცოდვას ჩაიდენდა, უფალი ერს მონობაში აგდებდა, საქართველოს, რომელსაც უკანასკნელ ჟამს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა დაევალა, უფალი მით უმეტეს არ აპეტიებს ურწმუნოებას, შურს, გაუტანლობასა და ღვარძლს.

ახლა ჩვენ საბედისწერო. დრო გვიდგას, როცა ერი ისევ გაიყო და ქართველი ქართველს გადაემტერა. მინდა ერთხელ კიდევ დაფიქრდეთ, თუ რატომ დაიწერა საგანგებო ბრძანება იმის თაობაზე, რომ ქართველის მკვლელი ქართველი ერის მტრად გამოცხადდეს. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, პატრიარქისათვის, რომელიც მთელი ერის მამა უნდა იყოს, ამ ბრძანების დაწერა, მაგრამ ქართველთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, იძულებული გავხდი უკიდურესი ზომისათვის მიმემართა.

დღეს ჩვენ დიდი მარხვისათვის ვემზადებით და გვმართებს ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ იმაზე, რომ ყოველი ადამიანი და მით უმეტეს ქართველი, ჩვენი ძმა და ახლობელია, მიუხედავად იმისა, კარგია ის თუ ცუდი. მორწმუნე ადამიანს არ შეუძლია უარყოს დედა, მამა, შვილი, ძმა. ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, ასე უნდა შევხედოთ ყოველ ქართველსაც. თუ ჩვენ ვართ მის წინაშე დამნაშავე, უნდა მივიდეთ და პატიება ვთხოვოთ, ხოლო თუ მას უმტრია ჩვენთვის და აღარა აქვს იმის სულიერი ძალა, რომ მოვიდეს და პატიება გვთხოვოს, მაშინ ისევ ჩვენ უნდა მივიდეთ მასთან.

უფალი მოწყალეა: მართალია, ბოროტი ძალიან ცდილობს დაარღვიოს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მისგან გამომდინარე ურთიერთობანი, მაგრამ ვერ შეძლებს. წმიდა მოციქული პავლე მოგვიწოდებს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი". ე.ი. დაეხმარეთო ადამიანს მისი წილხვედრი ჯვრის ტარებაში და თუ დახმარება არ შეგვიძლია, დამძიმებით მაინც ნუ დავუმძიმებთ.

ყოველ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, ყოველ კაცს ეძლევა თავისი ჯვარი, მაგრამ ზოგს ძალიან მძიმე ჯვარი ეძლევა, ჯვარი ერისა. აი, ასეთი მძიმე ჯვრის ტარება დამაკისრა ღმერთმა მე ცოდვილს. მინდა გითხრათ, რომ მძიმეა ჯვარი პატრიარქისა, თქვენ ხედავთ მხოლოდ პატრიარქის დიდებას: საზეიმო წირვა-ლოცვას, შემოსვას, ხოლო იმ მოვალეობის სიმძიმეს, რომელიც მას აკისრია, ვერა, და ალბათ არც არის საჭირო.

ჩემი უპირველესი სურვილი იმ წლების განმავლობაში, რაც პატრიარქი ვარ, იყო გაერთიანება ქართველი ერისა და უფალთან მიახლოება. რამდენად შევძელი ამ სურვილის აღსრულება, არ ვიცი, მაგრამ გავაკეთე იმდენი, რამდენიც შემეძლო და ვმადლობ უფალს იმისათვის, რისი გაკეთებაც შემაძლებინა.

დღეს უკვე ადვილი დასანახია, რომ ქართველი ხალხი ღვთისკენ შემობრუნდა, ეს არ არის არც ჩემი და არც სამღვდელოების დამსახურება, არამედ შედეგი უფლის წყალობისა.

მძიმე იყო განვლილი წლები. ქართველმა კაცმა დაკარგა რწმენა, დაეცა და მწოლარე დარჩა. ზოგიერთს ეგონა, რომ ყოველივე დამთავრდა, ქართველი ვეღარასოდეს აღდგებოდა და ვეღარ მივიდოდა უფალთან, მაგრამ არა, თვითონ უფალი მოვიდა ჩვენთან, უფალმა აღგვადგინა დაცემულნი და თავის სახლში მოგვიყვანა. ასე რომ, ღვთის გზაზე დადგომა არ არის ჩვენი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება თუ ღვაწლია ის, რომ არ ვეწინააღმდეგებოდით უფლის განგებას და გვიხაროდა, რომ იგი ჩვენთან იყო.

ამიტომ ამ კურთხეულსა და დალოცვილ დღეს, დიდი მარხვის დაწყების წინ, როცა უფალი უხილავად დგას ჩვენთან და სახეს კი არა, გულს კაცისას ხედავს, მე შენდობას ვითხოვ თქვენგან, მღვდელმთავრებისა და მოძღვრებისაგან, მაპატიეთ მე ცოდვილს!

ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს ყოველნი ცოდვანი თქვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სახელითა მამისათა და ძისათა და სულითა წმიდისათა, ამინ.

სიონი, მიტევების კვირა,
17 თებერვალი, 1991 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 919 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0