მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ქადაგება წითელი პარასკევს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

საახალწლო ეპისტოლე


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

საახალწლო ეპისტოლე

„ღაღად-ყვეს უფლისა მიმართ ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან
იხსნნა იგინი. და უძღოდა მათ გზასა წრფელსა"... (ფს. 106,6-7)

ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

„მადლი თქუენდა და მშვიდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტეას" (რომ. 1,7), ამინ!

ყველას გილოცავთ კარს მომდგარ ახალ წელს.

დაე, მშვიდობიანი და კურთხეული იყოს იგი საქართველოსთვის, მთელი ქვეყნისთვის.

მარადიულობას, ისევე როგორც საწუთროს, ღმერთი განაგებს; ამიტომაც ჩვენი ლოცვა მას ეკუთვნის მხოლოდ:

ყოვლადმოწყალეო უფალო, გევედრებით, რათა „აკურთხო გჳრგჳნი წელიწადისაჲ სიტკბოებითა შენითა და ველნი შენნი აღავსენ სიპოხითა" (ფსალმუნნი 64,11).

დღეს ჩვენ, სიხარულით სავსენი, ბედნიერებას ვუსურვებთ ერთმანეთს.

მაგრამ სად არის ბედნიერება? არსებობს კი იგი ამქვეყნად ამდენ განსაცდელსა და მწუხარებათა შორის?

ხშირად ბედნიერებას ჩვენს მიწიერ ყოფას ვუკავშირებთ, მაგრამ ამაოდ, რადგან იქ ვეძებთ მას, სადაც ის არ არის.

მუდამ უბედურნი ვიქნებით, თუ ჩვენი ბედნიერება მარტო გარეგნულ მდგომარეობაზე: - კეთილმოწყობილ ბინაზე, ოჯახის ან პირად კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებული. ყოველივე ეს იმდენად სწრაფადცვალებადი და წარმავალია, რომ მათზე იმედის დამყარება საკუთარი თავის მოტყუებას ნიშნავს. არადა, რამდენნი არიან ბედნიერების მოპოვების სურვილით მაღალ თანამდებობას, პატივს, დიდებას რომ ესწრაფვიან. ამისთვის ხარჯავენ ფულს, იმცირებენ თავს, ითხოვენ, ცრუობენ, მთელს ენერგიას ახმარენ მიზნის განხორციელებას, ხოლო როცა საწადელს აისრულებენ, იგრძნობენ, რომ ამაოდ დაშვრნენ. მიზანს მიაღწიეს, ბედნიერება კი არსად ჩანს, თანამდებობის მოპოვებასთან ერთად დიდი მწუხარება და განსაცდელი ხდება პიროვნების თანამდევი.

მაშ, სადა ხარ ბედნიერებავ, სად გიპოვოთ, შენ?

„აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" (ლუკა 17,21), - ბრძანებს მაცხოვარი.

დიახ, ბედნიერება ჩვენს სულშია, იგი ჩვენშია. - ჭეშმარიტად ბედნიერია ის, ვისაც ძალუძს თავის თავში დაიტიოს ღვთის დიდება. ვინც ჰპოვა ღმერთი და ცხოვრობს უფლის კანონებით. ასეთი ბედნიერება ულევი და არამიწიერია, ღრმა, მარადიული და ნამდვილია. ეს არის ბედნიერება არა მარტო კეთილ დღეთა, არამედ განსაცდელით სავსე ცხოვრებისაც, ეს არის ბედნიერება არა მხოლოდ სიცოცხლისა, არამედ სიკვდილისა, ბედნიერება არა დროებითი, არამედ მარადიული.

თუ შენ ღმერთთან ხარ და ღმერთი შენშია, სულიერ სიმშვიდეს შეინარჩუნებ ავადმყოფობის დროს, ახლობლის გარდაცვალებისას, სხვადასხვა განსაცდელის ჟამს.

ერთხელ ომის დროს, საშინელი დაბომბვის შემდეგ, როცა ერთი მორწმუნე თავშესაფრიდან გამოვიდა, დაინახა, რომ მისი სახლისგან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. ყველაფერი განადგურებულიყო, იდგა მხოლოდ როიალი. მან როიალი სხვების დახმარებით ნანგრევებიდან გამოიტანა, დადგა ქუჩაში, თვითონ მიუჯდა და დაიწყო საგალობლის დაკვრა: „მე ყოველივე დავკარგე, უფალო, მაგრამ არ დამიკარგიხარ შენ, დიდება შენდა!"

ასეთია ძალა რწმენისა.

მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული...

რწმენით განათებულ ქრისტიანის გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატიობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცრუმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.

მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწრაფვის ღვთისა და მიისწრაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.

ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს განახლების გზით მუდმივ სვლას, მადლისა და ცოდნის განუხრელ ზრდას, ჩვენს სულში სრულყოფილების, ღვთის მსგავსების აღდგენას.

ქრისტესთვის არა აქვს მნიშვნელობა ელინი (ბერძენი) ხარ შენ თუ იუდეველი, წინადაცვეთილი თუ წინადაუცვეთელი, ბარბაროსი თუ სკვითი, მონა თუ თავისუფალი პიროვნება, რადგან მის წინაშე ყველა თანასწორია [*] (კოლასელთა 3,11).

მაცხოვარმა დაარღვია ზღუდე ადამიანებს შორის და მოციქულის პირით ასე მოუწოდა თავის მიმდევართ: „შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლეჲ, სიმშვდე, სულგრძელობაჲ; თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ" (კოლასელთა 3,12-14).

შემთხვევითი არ არის, რომ კეთილსაქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, არ არის ჩვენში უმთავრესი სიკეთეც - სიყვარული. სიყვარულის ნაკლებობა ისე მძაფრად არასოდეს უგრძვნია ადამიანს, როგორც დღეს. ეს შედეგია ურწმუნოებისა.

სოციალ-პოლიტიკური საკითხების თეორეტიკოსები როცა ათეიზმს ქადაგებდნენ, ვერ საზღვრავდნენ, რომ ამით პიროვნებაში ნერგავდნენ ისეთ სისასტიკეს, რომელსაც არა აქვს საზღვარი. უღვთო ადამიანა ჩაიკეტა თავის ეგოიზმში. მას არ აწუხებს ბედი მოყვასისა, მათი, ვინც თვეობით, წლობით უპატრონოდ წევს საავადმყოფოში, არ აწუხებს ხვედრი ქვრივთა, ობოლთა, მარტოხელა მოხუცებულთა... მისი საზრუნავი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაა.

ანდა შეხედეთ, როგორია დღევანდელი ოჯახი. სადღაა აქ ცოლ-ქმრის სიყვარული და პატივისცემა. სიყვარული სარწმუნოების გარეშე იქცა ვნებად, სისხლის ყივილად და არა სულის მოთხოვნილებად.

სიყვარულის გრძნობა დაკარგულია მშობლებსა და შვილებს შორისაც...

ხშირად გაიგონებთ რომ ახალგაზრდამ თავის ამხანაგს დანით ათობით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მას კი სინანული არ დაუფლებია; ანდა შვილმა მშობელი მალულად მოკლა, მერე მშვიდად იდგა ცხედართან და ახლობლებისა და ნაცნობებისაგან სამძიმარს იღებდა.

საიდან მოდის ასეთი დაუნდობლობა, ასეთი სისასტიკე?

გეკითხებით, განა შეიძლება, ნამდვილად მორწმუნე, ღვთისმოსავმა ადამიანმა ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინოს?

რა თქმა უნდა, არა, თუ იგი ფსიქიურად არ არის დაავადებული.

აი, სადამდე დავეცით უღვთოდ.

დღეს ჩვენ მხოლოდ ვლაპარაკობთ ამა თუ იმ დანაშაულზე და გვაოცებს მისი სიმძიმე. გაოცება საქმეს ვერ უშველის. უნდა შევძლოთ დანაშაულის მიზეზის მიგნება და არა განკითხვით, არამედ თანადგომითა და თანაგრძნობით ცოდვილის სწორ გზაზე დაყენება.

ხშირად ხდება, რომ ციხიდან განთავისუფლებულს სამსახურში არ იღებენ. ის აწუხებს ხან ერთ, ხან მეორე ორგანიზაციას, მაგრამ ყველგან უარით ისტუმრებენ. არავინ ფიქრობს, სად უნდა იშოვოს მან პურის ფული, სად იცხოვროს, რა ჩაიცვას... ყოფილი პატიმარი იძულებული ხდება კვლავ იქურდოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და ისევ ციხეში მოხვდეს. ასე უაზროდ იკარგება წლები, იკარგება სიცოცხლე.

ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენმა მოძღვრებმა ინახულეს ქალთა კოლონიაში მყოფნი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც თავის დროზე მაღალი თანამდებობა ეკავა, მღვდელს სინანულით უთხრა, რომ ადრე, როდესაც ციხიდან გამოსული ვინმე მას სამსახურში მიღების თხოვნით მიმართავდა, ახლოსაც არ იკარებდა, მოსმენაც არ უნდოდა მისი... ახლა კი, როცა თვითონ მოხვდა პატიმრობაში, იგრძნო, რამდენად მკაცრი და არასამართლიანი იყო სხვათა მიმართ.

ამიტომ მოგმართავთ თქვენ, დაწესებულებათა ხელმძღვანელებო, ყველას, ვისაც გარკვეული თანამდებობა გიკავიათ, ნუ აიმაღლებთ თავს და იამპარტავნებთ სხვათა წინაშე თქვენი მდგომარეიაბით. რა იცით, რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე; იყავით მოწყალენი და შემბრალებელნი, შემწყნარებელნი გლახაკთა და დამცირებულთა და თქვენი სიკეთის სანაცვლოდ ღვთისგან დიდ მადლსა და სიხარულს მიიღებთ.

ახლახანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების წინაშე ჩვენ ორი საკითხი დავაყენეთ: 1. რომ მოგვცენ უფლება ციხეში სასულიერო პირთა დაუბრკოლებელი შესვლისა და პატიმრებთან საუბრისა; 2. დართოს ნება, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციამ, ცალკეულმა პირმა, ასევე ეკლესიამ თავდებით გამოაშვებინოს ის დატუსაღებული, რომელიც გრძნობს თავის ცოდვას, ნანობს და პირობას დებს, რომ დანაშაულს აღარ ჩაიდენს. ოღონდ, ვინც დამნაშავეზე აიღებს პასუხისმგებლობას, მან უნდა იზრუნოს კიდეც პატიმრობიდან განთავისუფლებულის სამუშაოთი უზრუნველყოფასა და ოჯახში დაბრუნებაზე.

თუ ეს განხორციელდა, ძალიან ბევრი სული შეიძლება გადავარჩინოთ საბოლოო დაცემისაგან.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის ქმნა, უნდა ვისწავლოთ მოწყალების კანონებით ცხოვრება და იგივე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს.

„მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ. ხოლო შეიბენ იგინი ყელსა ზედა შენსა, დაწერენ იგინი ფიცარსა ზედა გულისა შენისასა, და ჰპოო მადლი. და წინასწარ განიზრახვიდე კეთილსა წინაშე უფლისა ღვთისა და კაცთა" (იგავნი 3,3-4), - გვარიგებს სოლომონ ბრძენი.

მადლობა ღმერთს, ჩვენს მრევლში რწმენა და სულიერობა თანდათან მაღლდება, რაც მეტად გვახარებს. ზოგიერთმა მათგანმა ითავა ქრისტიანული წესით უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა; უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტები, ასევე სტუდენტები სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა ლექციების შემდეგ საავადმყოფოებში მიდიან ხოლმე და იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც მომკითხავი არავინა ჰყავთ. თავიანთი სტიპენდიით ყიდულობენ პროდუქტებს, ნუგეშს სცემენ და უვლიან მათ.

მრავალი მორწმუნე დადის უპატრონოთა სახლში, მარტოხელა ავადმყოფ მოხუცებთან...

ახლახანს ჩემთან იყვნენ ახალგაზრდები და ითხოვეს ლოცვა-კუთხევა, რომ შობა დღეს მოინახულონ საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში მყოფი პატიმრები, მიუტანონ მათ საშობაო საჩუქრები.

ეს ყოველივე ჭეშმარიტად ნაყოფია რწმენისა, სიყვარულისა და მოწყალებისა. ასეთ ცხოვრებას მოაქვს ნამდვილი სიხარული და ნამდვილი ბედნიერება; მუდამ უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7).

საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა „მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს. იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები...

ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა.

ღმერთმა მოგვმადლოს იგი.

„მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი.

აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა.

მოწყალება ადამიანებს შორის მეგობრულ გრძნობასა და მოყვასისათვის მსხვერპლადშეწირულ მსახურებას ემყარება, სიმართლე კი შინაგან სიმტკიცესა და სიწრფელეს გულისხმობს.

თუ ჩვენ შევძლებთ ამ წესით ცხოვრებას, აღარ იქნება ამდენი სისასტიკე, დაუნდობლობა და სამყაროც სხვა იქნება.

მოწყალების სახე მრავალგვარია; თითოეულმა ჩვენგანმა მისთვის შესაფერისი გზა უნდა აირჩიოს და სიკეთის ქმნას ესწრაფოს.

მოწყალების რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ:

ებრაელთა წინაპარი ისააკი თავის სახლეულთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ჩვეულებად ჰქონდა ჭების ამოთხრა, რათა სხვა ხალხსაც ესარგებლა წყლით. ისააკმა ასე მრავალი ჭა ამოთხარა და ამით თავისებურად მოწყალების საქმე აღასრულა.

სხვა მაგალითი:

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი ლინკოლნი იყო. მას, როგორც ყველა ადამიანს, ჰყავდა კეთილისმყოფელნიც და, რა თქმა უნდა, მტრებიც. იყო ვინმე სტენონი, რომელსაც იმდენად სძულდა ლინკოლნი, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მას მდაბალ, ვერაგ ჯამბაზს უწოდებდა; გამუდმებით დასცინოდა და ზედმეტ სახელადაც „ნამდვილ გორილას" ეძახდა. სტენონი ამბობდა: სულ ტყუილად ირჯებიან, როცა აფრიკაში მიემგზავრებიან გორილას დასაჭერად; გორილა ხომ შეიძლება ამერიკაში, სპრინგ-ფილდში, ილლინოს შტატშიც შევიპყროთო.

ლინკოლნი დიდხანს ითმენდა ასეთ შეურაცხყოფას; მერე კი უპასუხა იმით, რომ სტენონი, როგორც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, ამერიკის თავდაცვის მინისტრად დანიშნა.

გავიდა წლები; ბოლოს მაინც სიყვარულმა და მოთმინებამ გაიმარჯვა და როცა პრეზიდენტი თეატრში მოკლეს, მის კუბოს სტენონი ცხარე ცრემლებით ასე დასტიროდა: აქ განისვენებს დიდებულთა შორის ყველაზე გამორჩეული ხელმძღვანელი, ვინც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს.

აი, ასე კურნავს სიკეთე ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს.

და კიდევ ერთი მაგალითი:

ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და გლახაკთადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში. და აი, ერთხელაც მოძღვართან მიმავალმა ახალგაზრდა ბერმა გზაზე დავარდნილრ წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტრისკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, დავრდომილი ზედ დააწვინა, ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისაკენ.

ნათელმხილველის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ ბერები ამ სიტყვებით მსწრაფლ ფეხზე დააყენა: - იჩქარეთ, გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და თავისი მხრებით ღმერთს მოაბრძანებსო.

მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მოაღწია, დავრდომილი მიწაზე დაასვენა, რათა კარები გაეღო და როცა გლახაკის ასაყენებლად მობრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამალლებული იესო ქრისტე და გაიგონა ეს სიტყვები: მარტირი, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში, შენ აქ შემიწყნარე, მე კი შენ საუკუნოდ შეგიწყნარებ.

მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?

მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო...

ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ, რასაც გაჭირვებულისთვის გავიღებთ, მას თვით მაცხოვარს ვაძლევთ, უფრო სწორად კი ვაძლევთ საკუთარ თავს. საშინელი სამსჯავროს ჟამს ეტყვის უფალი მდგომთა „მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით ჩემდა. მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უცხო და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა?

და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამინ გეტყჳ თქუენ. რავდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ" (მათე 25,34-40).

მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი.

ჩვენ მარადიულობის დიდი საიდუმლოს წინაშე ვდგავართ. ეს საიდუმლო განსაკუთრებული ძალით საახალწლო ღამეს იჩენს თავს.

ამ ღამეს ჩვენ ნათლად ვხედავთ წარსულს, აწმყოს, გვსურს განვჭვრიტოთ მომავალი.

გასული წელი ჩვენი ერისთვის იყო მწუხარების, სისხლის, ცრემლისა და განსაცდელის წელი, მაგრამ, ამავე დროს, ეს იყო სულიერი ამაღლების, განწმენდისა და ფერისცვალების წელი. აღდგომისა და ამაღლებისკენ მიმავალმა ჩვენმა ერმა გოლგოთის გზა გაიარა.

დღეს ჩვენ ვმადლობთ მას მოწყალებისა და განსაცდელისთვის, მწუხარებისა და ნუგეშისათვის. გვწამს, მაცხოვარი არასდროს დაგვტოვებს და ღვთისმშობლის მფარველობა არ მოგვაკლდება.

ეს იდუმალი ღამე გვაახლოებს მარადიულობასთან, შემოქმედთან და მოყვასთან. ამიტომაც გვინდა, რომ იგი ნათესავებისა და მეგობრების წრეში გავატაროთ. ამ ღამეს ჩვენ ერთმანეთს ვუსურგებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს. უპირველეს ყოვლისა კი, უნდა აღვავლინოთ ლოცვა, რადგან, როგორც ბრძანებს მაცხოვარი, „ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ" (ლუკა 21,22).

მაინც რა გისურვოთ საახალწლოდ, რითი დაგლოცოთ?

ერთხელ ერთ მეცნიერს ჰკითხეს, თუ რა მიაჩნდა თავის აღმოჩენათა შორის უმნიშვნელოვანესად.

ყველას ეგონა, რომ ის თავის ცნობილ გამოკვლევას დაასახელებდა, რომელმაც ხალხს იმდენი სიკეთე მოუტანა. მან კი უპასუხა: ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა არის იესო ქრისტე, ჩემი მხსნელი და ჩემი ღმერთი.

ვისურვებდი, ყველა ქართველს მალე დადგომოდეს ამ დიდი აღმოჩენის დღე.

ეძიებდეთ, უპირველეს ყოვლისა, სასუფეველსა ღვთისასა, ეძიებდეთ მას და საზღაურად მიიღებთ ყველაზე დიდ სიკეთეს, რაც შეიძლება ისურვო ახალ წელს, რაც შეიძლება ინატრო ამქვეყნიურ ცსოვრებაში და მარადიულ ნეტარებაში, ამაშია ნამდვილი ბედნიერება.

ახალი წლის სიხარული ქრისტიანისთვის არის გამოხატულება იმის შეგნებისა, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება კვლავ ვემსახუროთ ღმერთს, ერს, მოყვასს, ვიმოღვაწეოთ და ვიშრომოთ სულის ასამაღლებლად, ზნეობის განსაწმენდად, რომ მეტი მადლით შევიმოსოთ, ახალი წყალობით აღვივსოთ.

და თუ გვწამს, რომ სული ჩვენი ხატია შემოქმედისა, როგორც ბრძანებს ბიბლია, მაშ, მივუძღვნათ სული ღმერთს, რამეთუ წერილ არს: მიეცით კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა.

ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა. გაკურთხოთ თქვენ უფალმან სიონით!

გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

თბილისი,
1990 წელი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ.

შეაფასეთ: 5.0/2
ნანახია: 928 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0