მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა წმ. იოანე ზედაზნელობას
გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. გრიგოლ პალამა

საღვთო სულის გაცხადებისა და მისი დაყოფის შესახებ,
რაც აღსრულდა სულთმოფენობის ჟამს. აქვე სინანულის შესახებაც

მცირედით უწინარეს, სარწმუნოების დიდი თვალებით ვიხილეთ ამაღლებული ქრისტე და არაფრით დავკლებივართ იმათ ნეტარებას, რომლებიც ღირსნი გახდნენ საკუთარი თვალით ეხილათ იგი. უფალი ამბობს: „ნეტარნი არიან, რომლებსაც არ უხილავს და ირწმუნეს" (იოანე 15.29). ამგვარნი არიან ისინი, რომლებმაც სმენის გზით ირწმუნეს გულსავსედ და რწმენის გზით იხილეს იგი.

ამრიგად, ახლახანს ვიხილეთ ქრისტე, მიწიდან სხეულით ამაღლებული, აწ კი მოწაფეებზე მისგან ვლენილი წმინდა სულის გზით იმას ვჭვრეტთ, სადამდე მიწევნილა ამაღლებული ქრისტე, რაგვარ ღირსებამდე აუყვანია ჩვენი ბუნება, მან რომ ითვისა. ჭეშმარიტად, იქ ავიდა, საიდანაც გადმოვიდა მისგან გზავნილი სული, ხოლო თუ საიდან გადმოვიდა სული, ამას გვიცხადებს ის, ვინც იოელ წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „გადმოვღვრი ჩემი სულიდან ყველა ხორცზე" (იოელ. 2.28). და მისდამი ამბობს დავითი: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს" (ფს. 103.30).

ამრიგად, ამაღლებული ქრისტე ასულია უზენაეს მამასთან და მიწევნილია თვით მამისეულ წიაღს (საიდანაც არის სულიც). წარმოჩნდა იგი მოზიარედ მამისეული ღირსებისა თავისი ადამიანურობითაც, რადგან აჰა, მანაც ავლინა სული, - მამისაგან ცით მომავალი და მოვლენილი.

თუმცა, როდესაც ითქმის, რომ მამისაგან და ძისაგან მოივლინება წმინდა სული, არავინ იფიქროს, თითქოს თვით სული მოკლებულია ამგვარ ღირსებას, რადგან არა უბრალოდ მოვლენილთაგანია იგი, არამედ, აგრეთვე, მომავლინებულთაგანიც არის და თანასათნომყოფელიც.

ცხადად აჩვენებს ამას ის, ვინც ამბობს წინასწარმეტყველის პირით: „მე ჩემი ხელებით დავაფუძნე მიწა და განვავრცე ცა, აწ კი უფალმა მომავლინა მე და მისი სული" (ესაია 52.5.7). სხვაგანაც ამბობს ქრისტე კვლავ იმავე წინასწარმეტყველის პირით: „სული უფლისა - ჩემზე, რის გამოც მცხო მე, მომავლინა მე, რომ ვახარო გლახაკთ" (ესაია 61.1).

ამრიგად, არა მარტოდენ მოივლინება სულიწმინდა, არამედ თვითვე მოავლენს მამისაგან მოვლენილ ძეს, რითაც ცხადდება, რომ არის იგი მამასთან და ძესთან თანაბუნებითი, ერთძალი, თანამოქმედი და ერთპატივი.

ამრიგად, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ მამისეული სათნოჩენითა და სულიწმინდის თანაშეწევნით, გამოუთქმელი და ზღვა კაცთმოყვარეობის გამო, მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა ზემოდან, ჩვენებრ გამოჩნდა მიწაზე, დაჰყო ჩვენთან, ქმნა და ასწავლა საკვირველი, დიადი და მაღალი საქმენი, - საქმენი, ჭეშმარიტად ღვთივღირსეულნი, და მის მორჩილთათვის ღმერთმოქმედებითნი და მაცხოვნებელნი. შემდეგ ნებსით ივნო მან ჩვენი ხსნისათვის, დაეფლო და აღდგა მესამე დღეს, ამაღლდა ცათა მიმართ, დაჯდა მამის მარჯვნივ და იქედან თანაშეეწია საღვთო სულის გადმოსვლას მის საკუთარ მოწაფეებზე, მოავლინა რა იგი მამასთან ერთადღ, ისევე, როგორც მამასთან ერთად აღუთქვა მათ მაღლით გადმოსვლა ძალისა. თავად უფალი მჯდომარეა იქ, მაღალთა შინა და თითქოს იქედან ხმობს ჩვენდამი:

„ვინც ინებებს, რომ წარუდგეს ამგვარ დიდებას, ცათა მეუფების წილმქონე გახდეს, იწოდოს ღვთის ძედ, ჰპოვოს უკვდავი ცხოვრება, გამოუთქმელი დიდება, უბიწო ლხენა, დაუკლებელი სიძდიდრე, ისმინოს მან ჩემი მცნებები, ძალისაებრ ჰბაძოს ჩემს ცხოვრებას და იღვაწოს ისე, როგორც მე, მიწაზე ხორცით მავალმა, ვქმენ და ვასწავლე, დავაწესე რა მაცხოვნებელი რჯულდებები და ჩემი თავი წინ დაგიდეთ, როგორც ნიმუში".

მაცხოვარმა, ერთი მხრივ, სარწმუნო ჰყო სახარებისეული სწავლება საკუთარ საქმეთა და სასწაულთა გზით. მეორე მხრივ, სრულქმნა მან ეს სწავლება საკუთარ ვნებათა მიერ. შემდეგ, ამავე სწავლების სიდიადე და მაცხოვნებლობა წარმოაჩინა მკვდრეთით აღდგომით, ცათა მიმართ ამაღლებით, ცათაგან კი მის საკუთარ მოწაფეებზე საღვთო სულის გადმოვლინებით, რაც სწორედ ამ ჟამს აღსრულდა და რასაც დღევანდელ დღეს ვდღესასწაულობთ, რადგან, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, აღდგომისებრ გამოუჩნდა რა იგი მოწაფეებს, ამაღლებისას ასე უთხრა მათ:

„აჰა, მე მოვავლენ თქვენზე ჩემი მამის აღთქმას, თქვენ კი დასხედით ქალაქ იერუსალიმში, ვიდრე შეიმოსავთ ძალას მაღლიდან" (ლუკა 24.49), რადგან მიიღებთ ძალას, გადმოვა რა თქვენზე წმინდა სული. და იქნებით ჩემთვის მოწამენი იერუსალიმში, მთელ იუდეაში და მიწის კიდემდე.

როდესაც შესრულდა ორმოცდაათი დღე აღდგომის შემდეგ, რისი ხსენებაც გვაქვს ამჟამად, მოწაფეები შეკრებილნი იმყოფებოდნენ ტაძრის ზედაქორედში, იყვნენ რა, ამავე დროს, სათითაოდ შემოკრებილნი თვით მათსავე ზედაქორედში [1] ანუ მისცემოდნენ ღვთისადმი ვედრებასა და საგალობლებს.

ლუკა მახარებელი ამბობს:

„უეცრად ხმოვანება იყო ციდან, როგორც მძლავრად მქროლი ქარისა, და აავსო სახლი, სადაც იყვნენ მსხდომარენი" (საქმენი 2.2).

ეს არის ის ხმოვანება, რის შესახებაც წინასწარ თქვა ანა წინასწარმეტყველმა, როდესაც მან სამოელზე მიიღო აღთქმა:

„უფალი ავიდა ცათა მიმართ და იქუხა. ის მისცემს ძალას და აამაღლებს მის ცხებულთა რქას" (I მეფ. 2.10).

ეს ხმოვანება წინასწარ მოსწავებულია, აგრეთვე, ელიას ხილვაში:

„აჰა, ხმა მსუბუქი ნიავისა და მასში უფალი" (III მეფ. 19.11.12).

„ნიავის ხმა" იგივეა, რაც „ქარის ხმოვანება".

ამავე ხმოვანებისა და ამავე ქარის გაცხადებას ჰპოვებ, აგრეთვე ქრისტეს სახარებაში, რადგან იოანე ღვთისმეტყველისა და მახარებლის მიხედვით, დიდი დღესასწაულის უკანასკნელ დღეს (რაც არის „ორმოცდამეათე"), დადგა იესო და ძახილით თქვა:

„თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას" (იოანე 7.37).

იოანე ამბობს, რომ უფალმა ეს თქვა სულის შესახებ, რაც უნდა მიეღოთ მისდამი მორწმუნეებს.

აღდგომის შემდეგაც შთაჰბერა მან მოწაფეებს და უთხრა:

„მიიღეთ სულიწმინდა" (იოანე 20.22).

ამრიგად, ის „ძახილი" ამ „ხმოვანების" წინასწარმოსწავება იყო, ხოლო ის „შთაბერვა" - ამ „ქარისა", რაც სწრაფი ახლა უხვად იღვრება ზემოდან, დიდად და გასაგონად ხმოვანებს ციდან, შემოკრებს მთელ ცისქვეშეთს და რწმენით მოსულებს მადლს დაადენს და შთაუნერგავს.

მძლავრია ეს ქარი, როგორც ყველაფრის მძლეველი, უკეთურების ზღუდეთა გადამლახველი, მტრის ქალაქთა და სიმაგრეთა შემმუსვრელი, ამპარტავანთა დამამდაბლებელი, გულით მდაბალთა ამამაღლებელი, ბოროტად დარღვეულთა შემკვრელი, ცოდვისმიერ კრულებათა გამხსნელი და პყრობილებათა დამარღვეველი.

ამავე ქარმა აღავსო ის სახლი, სადაც ისხდნენ მოწაფეები და აქცია ეს სახლი მათთვის სულიერ განსაბანელად, აღასრულა რა ამით მაცხოვრის აღთქმა, ამაღლებისას რომ წარმოთქვა უფალმა:

„იოანემ მონათლა წყლით, თქვენ კი მოინათლებით სულიწმინდაში არამრავალი დღის შემდეგ" (საქმე 1.5).

ამავე სულმა აჩვენა ჭეშმარიტება იმ წოდებისა, მათ რომ განუკითვნა უფალმა, რადგან ციდან მოსული ხმოვანების გზით მოციქულები ნამდვილად გახდნენ „ძეები ქუხილისა".

ლუკა გვაუწყებს:

„და ეჩვენათ მათ დანაწილებული ენები, როგორც ცეცხლისა, და დაჯდა თითოეულ მათგანზე და ყველანი აღივსნენ სულიწმინდით და ალაპარაკდნენ სხვა ენებზე, როგორც სული მისცემდა მათ მეტყველებას" (საქმე 2.4).

ამრიგად, ზღვარი დაედო საუფლო სხეულის მიერ ნამოქმედარ სასწაულებს, წარმოჩნდა რა მათგან მხოლოდშობილი ძე ღვთისა საკუთარი ჰიპოსტასით, ჩვენდამი შეერთებული უკანასკნელ დღეებში. აწ კი იწყება იმ სასწაულთა აღსრულება, რომელთა მიერ ცხადდება სულიწმინდა, არსებული საკუთარი ჰიპოსტასითვე. ამ გზით შევიცნობთ და განვჭვრეტთ წმინდა სამების დიდსა და სათაყვანო საიდუმლოს.

სულიწმინდა მოქმედებს თავიდანვე, რადგან იგია, ვინც იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ და ვინც წინდაწინ ამცნებდა მომავალს. მოქმედებს შემდეგშიც, მოწაფეთა მიერ, განდევნის რა ეშმაკებს, და ჰკურნებს რა სნეულთ.

ამჟამადაც, თავის ჰიპოსტასში გაეცხადა იგი ყველას ცეცხლოვან ენათა გზით, მეუფებრივად ზედდაჯდა რა ქრისტეს მოწაფეებზე და როგორც მათზე დასაყდრებულმა, საკუთარი ძალის ორღანოდ ჰყო ისინი.

მაგრამ რატომ გამოჩნდა იგი ენათა სახით? იმიტომ, რომ წარმოეჩინა ღვთის სიტყვასთან მისი ერთბუნებობა, რადგან სიტყვის მონათესავე ყველაზე მეტად ენაა. მოძღვრების გამოც მოხდა ასე, რადგან ქრისტესმიერი მოძღვარი მადლმოსილ ენას საჭიროებს.

მაგრამ რატომ - „ცეცხლოვან ენებად?"

არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანაარსია სული მამისა და ძისა და რომ ცეცხლია ჩვენი ღმერთი, - ცეცხლი, რომელიც ანადგურებს უკეთურებას, - არამედ, აგრეთვე, მოციქულთა ქადაგების ორმაგი მოქმედების გამოც, რადგან ძალუძს მას (ქადაგებას) როგორც ქველმოქმედება, ასევე დასჯა, და თუ ცეცხლს სჩვევია განათებაც და დაწვაც, ქრისტესმიერი მოძღვრების სიტყვაც ანათებს მორჩილთ, ბოლომდე ურჩებს კი საუკუნო ცეცხლსა და სასჯელს გადასცემს.

ხოლო „ენები" არათუ „ცეცხლისად" ითქვა, არამედ - „როგორც ცეცხლისა", რათა ის ცეცხლი ვინმეს გრძნობად და ნივთიერ ცეცხლად არ შეერაცხა, არამედ სახეობრივად განეჭვრიტა მასში სულის ცხადჩენა.

რატომ ეჩვენათ მათ ენები დანაწილებულად?

იმიტომ, რომ მამის მიერ სულიწმინდა არ ეძლევა დაზოგვით მარტოდენ ქრისტეს [2], ზემოდან მოსულს თავად (რადგან ქრისტე ხორციელადაც მთლიანად ფლობდა საღვთო ძალას და მოქმედებას), სხვას ყველას კი (რადგან არავის ძალუძს დაიტიოს სულიწმინდის მთელი მადლი) ნაწილობრივ ეძლევა ესა თუ ის ნიჭი, რომ არ იფიქროს ვინმემ, თითქოს ბუნება იყოს სულის მიერ წმინდანთათვის ბოძებული მადლი.

რაც შეეხება სიტყვას „დაჯდა", არა მხოლოდ მეუფებრივ ღირსებას წარმოაჩენს იგი, არამედ სულიწმინდის მხოლოობასაც. ლუკა ამბობს: „დაჯდა თითოეულ მათგანზე, და აღივსნენ ყველანი სულიწმინდით". ასე რომ, დანაწილებულია რა სულიწმინდა თავის სხვადასხვა ძალთა და ქმედებათა კვალობაზე, თითოეული ქმედების გზით თვითვე თანამყოფობს მთლიანი. ამიტიმ რაჟამს მოქმედებს სულიწმინდა, არის იგი დაუნაწილებლად დანაწილებული და მთლიანობაში წილხვედრებული, მსგავსად მზის სხივისა.

მოციქულები ალაპარაკდნენ სხვა ენებზე (ანუ იმათ ენებზე, რომლებიც შემოკრებილნი იყვნენ ყველა ხალხისგან), როგორც სული მისცემდა მათ მეტყველებას, რადგან საღვთო სჯულის ჭურჭლად იქცნენ ისინი, მოქმედებდნენ რა და აღიძვროდნენ რა მისი ნებით და მისი ძალით.

ყოველი ჭურჭელი შემოტანილია გარედან და წალმქონეა არა არსებისა, არამედ მასში მოქმედის მოქმედებისა. ამიტომაც შეირაცხება იგი მოქმედის ჭურჭლად, როგორც ამბობს ამას საღვთო სულით მეტყველი დავითიც:

„ჩემი ენა - კალამი სწრაფმწერალი მწიგნობრისა" (ფს. 44.2).

ამრიგად, საწერი კალამი არის იმის ჭურჭელი (ანუ იმის იარაღი), ვინც წერს და ეს კალამი, ცხადია, წილმქონეა არა დამწერის არსებისა, არამედ დამწერის მოქმედებისა, წერს რა იმას, რასაც დამწერი ინებებს და იძალებს.

მაგრამ, რატომ არის „მამის აღთქმა" სულიწმინდა?

იმიტომ, რომ წინასწარმეტყველთა მიერ აღთქმულჰყო მამამ სული, თქვა რა ეზეკიელის პირით:

„მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს და ჩემს სულს მოგცემთ თქვენ" (ეზეკ. 36.26).

ასევე, იოელის პირით:

„და იქნება უკანასკნელ დღეებში. - გადმოვღვრი ჩემი სულიდან ყველა ხორცზე" (იოელ. 2.28).

ამის მოსურნე იყო მოსეც, წინდაწინ თქვა რა ხმამაღლა:

,.ვინ იქნება მბოძებელი იმისა, რომ ყველა ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, რაჟამს გასცემს უფალი თავის სულს მათზე?" (რიცხვ. 11.29).

რადგან ერთია სათნოჩენა და აღთქმა მამისა და ძისა, ამიტომ ასე უთხრა უფალმა მისდამი მორწმუნეებს:

„ვინც შესვამს იმ წყალს, მე რომ მას მივცემ, გახდება იგი წყარო წყლისა, - საუკუნო სიცოცხლისაკენ მსრბოლისა" (იოანე 7.39).

აგრეთვე:

„ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა, ცხოველი წყლის მდინარეები იდენენ მისი მუცლიდან" (იოანე 7.38).

განმარტავს რა ამ სიტყვებს მახარებელი, ამბობს:

„ეს თქვა სულის შესახებ, რომლის მიღებაც ელოდათ მისდამი მორწმნეებს" (იოანე 7.39).

გარდა ამისა, მიდიოდა რა მაცხოვნებელი ვნებისკენ, მაშინაც უთხრა მან თავის მოწაფეებს:

„თუ გიყვარვართ მე, ჩემი მცნებები დაიცავით და მე ვთხოვ მამას, და სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ თქვენ, რომ დარჩეს იგი თქვენთან საუკუნოდ, - სული ჭეშმარიტებისა" (იოანე 14.15-17).

და კიდევ:

„ესენი გითხარით თქვენ, ვიმყოფები რა თქვენს შორის, ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმინდა, რომელსაც გამოგზავნის მამა ჩემი სახელით, - ის გასწავლით თქვენ ყველაფერს" (იოანე 14.25-26).

და კვლავ:

„როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე გამოვგზავნი თქვენთან მამის მიერ. ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამომავალია, იგი სწამებს ჩემს შესახებ და გიმეგზურებთ თქვენ ყველა ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 15.26).

სწორედ ამჟამად აღსრულდა აღთქმა და გადმოვიდა სულიწმინდა, მამისა და ძის მიერ გზავნილი და მოცემული, რომელმაც განაბრწყინა წმინდა მოწააფეები, ყოვლითურთ აანთო ისინი საღვთო ჩარაღდნებად, უფრო კი ზექვეყნიურ და ყოვლადქვეყნიურ მნათობებად გამოაჩინა და, მიაახლა საუკუნო ცხოვრების სიტყვას, მათ მიერ კი გაანაათლა მთელი სამკვიდრო.

ისევე, როგორც მანათობელი ჩირაღდნიდან მეორეს აანთებს ვინმე, ხოლო მეორისაგან - კიდევ სხვას და თუ ასეთი მონაცვლეობით განაგრძობს იგი, ყოველივის შეინარჩუნებს სინათლეს, მსგავსადვე, მოციქულთამიერი ხელდასხმის გზით მათ მონაცვლეებს, ხოლო ამათგან კიდევ შემდგომთ და შემდგომთ, გადაეცემათ საღვთო სულის მადლი, რაც განივრცობა ყველა თაობის წიაღ და გაანათლებს ყველას, ვინც ერწმუნება სულიერ მწყემსებსა და მასწავლებლებს.

ღვთის ეს მადლი და საბოძვარი, - საღვთო, სულის მიერ სახარებისეული ნათელქმნა, - შემოაქვს ქალაქში შესაბამისი დროის ყოველ მღვდელთმთავარს, ხოლო ვინც რომელიმე მათგანს უარყოფს, ძალისამებრ განკვეთს იგი საღვთო მადლს, წყვეტს საღვთო მონაცვლეობას, განაყენებს თავის თავს ღვთისაგან, მიეცემა რა ცოდვიან ამბოხსა და ყოველგვარ გაუბედურებას, რაც ცოტა ხნის წინ თქვენვე გამოსცადეთ.

აწ კი, თუ მერწმუნებით, გირჩევთ იმას, რაც მაცხოვნებელია: მიუბრუნდით თქვენი სულების ღვთივმონიჭებულ მწყემსს და ჭეშმარიტად კეთილად აღასრულეთ ყოველწლიური ხსენება საღვთო სულის მოვლინებისა, რომელიც თვალშეუდგამი კაცთმოყვარეობის გამო გადმოვიდა ჩვენს სახსნელად, რისთვისაც და რის გამოც, ღვთის მხოლოდშობილმა ძემაც ცანი მოდრიკა, ჩამოვიდა და ხორცი მიიღო ჩვენგან. შემდეგ, სხეულითურთ ავიდა იგი ცათა მიმართ და გადმოავლინა სულიწმინდა, რადგან თუკი არ მოავლენდა სულს ძალმწედ მოწაფეებისა, აგრეთვე, მოწაფეთა მონაცვლეებისა და სახარებისეული მადლის მასწავლებლებისა თაობათა შორის, აღარ იქადაგებოდა სახარება ყველა ერში და არც ჩვენამდე მოაღწევდა ზემოდან მომავალი ქადაგება ჭეშმარიტებისა.

ამიტომ, უკაცთმოყვარესმა უფალმა ამ დღეს სინათლისა და მარადიული ცხოვრების წილმქონეებად, მამებად და მსახურებად გამოაჩინა მისი მოწაფეები და ჰყო ისინი, ვით დანარჩენთა საუკუნო ცხოვრებაში აღმომშობლები, ვით ღირსეულთა გარდამქმნელები ნათლის შვილებად და ნათელქმნის მამებად; ეს ყოველივე ქმნა უფალმა, რომ ამ გზით ჩვენთან ერთად ყოფილიყო იგი საუკუნის აღსასრულამდე, რაც აღთქმულჰყო მანვე სულის მიერ.


„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები" II
თბილისი, 2004 წ.

 


[1] - ე.ი. საკუთარ გონებაში, როგორც ზედა სართულში ანუ ზედაქორედში.

[2] - ე.ი. სულიწმინდა სრულად აქვს მამის მიერ მხოლოდ ქრისტეს, როგორც მათ თანაარსს და ბუნებით ღმერთს, ქმნილებებს კი ნაწილობრივ ეძლევათ სულის მადლი.

მღვდელმოწამე მარკე...
წმიდა მოწამენი: აკ...
უფლის ტაძრად მიყვა...
ღირსნი მამანი მიქა...
მიტროპოლიტი ანტონ ...
წმიდა ალექსანდრე, ...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი ათონელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

გფარავდეს ღმერთი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ შობას

დათვალიერება...