მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



თუ ახლა არა, მაშ როდის?
მოძღვრება ზიარებად განმზადებულთა მიმართ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

უფალო - რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას - ჩემს წინააღმდეგ,რომ შესცოდოს?
იგავი უმოწყალო მონის შესახებ
უფლის ერთ-ერთი იგავი "მოწყალე მეფე და უმოწყალო მონა" მათეს სახარების მე-18 თავშია მოთხრობილი. ეს იგავი მაცხოვრის პასუხი იყო პეტრე მოციქულის შეკითხვაზე: "უფალო, რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდოს? შვიდჯერ?" უფალმა მიუგო: "მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ". სწორედ ამ პასუხს მოაყოლა მაცხოვარმა უმოწყალო მონის იგავი.

იგავი შემდეგი შინაარსისაა: "ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეკაცს, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისთვის ანგარიშის გასწორება. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც რამ ებადა და გადაეხადა. მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი ამხანაგი მონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი მონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო, მაგრამ არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.

როდესაც მისმა ამხანაგმა მონებმა ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა შენ არ გეკადრებოდა, შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე? განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს გადაიხდიდა".

წმინდა მამათა განმარტებით, იგავში მეფე ღმერთს განასახიერებს, მონებში კი ადამის მოდგმა იგულისხმება.

როგორც იგავის დასაწყისიდან ჩანს, მეფემ თავის მონებთან ანგარიშის გასწორება გადაწყვიტა: "უფალი ანგარიშს იბარებს თავისი მონებისგან, რათა ისინი კეთილად განსაჯოს", - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი იგავის ამ ადგილის განმარტებისას. იმავე თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, უფალი ამავე დროს მსაჯულიცაა ამ მონებისთვის ანუ ქრისტეს მონებისთვის - ადამიანებისთვის. ის კეთილი მსაჯულია, რომელიც სამსჯავროს გარეშე არ სჯის თავის მონებს, რადგან ჯერ ანგარიშს ითხოვს მათგან და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუტანს განაჩენს. ე.ი. უფალი ადამიანებს მათ მიერ ქმნილი საქმეების მიხედვით მიაგებს საზღაურს. მაგრამ როგორც მეფის ქვეშევრდომებმა არ იციან, როდის შეიძლება დაიბაროს ისინი მეფემ ანგარიშსწორებისთვის, ასევე არ იციან ქრისტეს მონებმა - ადამიანებმა, როდის მოუხდებათ ღვთის წინაშე წარდგომა - ეს მხოლოდ ზეციური მეუფის ნებით აღესრულება. ამიტომ განკითხვისთვის, ანგარიშსწორებისთვის ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს. სწორედ ეს არის უმოწყალო მონის იგავის ერთ-ერთი სათქმელი, რათა სინანულისკენ მიგვახედოს.

ბიბლიის კომენტატორთა განმარტებით, ვალი ცოდვას განასახიერებს, იგავში ნახსენები ათი ათასი ტალანტი კი ცოდვათა დიდი სიმრავლის გამომხატველია. ტალანტი ებრაული ფულის ერთეული - ვერცხლის ან ოქროს მონეტა იყო. ცნობილია მისი მხოლოდ მიახლოებითი ღირებულება - ერთი ტალანტი დიდძალი ფული იყო. გამოდის, რომ 10000 ტალანტი ძალზე დიდი თანხაა. ამიტომაც მოიხმობს ათი ათას ტალანტს უფალი აურაცხელი ცოდვის სიმბოლოდ. თავისი იგავური მნიშვნელობა აქვს რიცხვ ათსაც - წმინდა მამათა განმარტებით, იგი უნდა გამოხატავდეს თანანადებს, ვალს ანუ ცოდვას ათი მცნების წინააღმდეგ, მაშასადამე, ღვთის სჯულის წინააღმდეგ. ამდენად, ათი ათას ტალანტის მოვალე მონის სახეში აურაცხელი ცოდვით ღვთის სჯულის დამრღვევი ადამიანი მოიაზრება და იგავურად გამოიხატება მოვალე მონის ცოდვიანობის სიმძიმე.

როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, მოვალე მონა საკუთარი ნებით კი არ მივიდა მეფესთან ვალის გადასახდელად, არამედ იძულებით მიიყვანეს ანგარიშსწორებისთვის, "წარადგინეს".

"და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც რამ ებადა და გადაეხადა", - ვკითხულობთ იგავის მომდევნო ნაწილში. "რაკი არაფერი გააჩნდა" - იგავის კომენტატორები შენიშნავენ, რომ ამ სიტყვებით უფალი ხაზს უსვამს ადამიანის უსუსურობას ღვთის წინაშე, საკუთარი ვალის, საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის უუნარობას. ე.ი. მონა უძლურია, თავად გადაიხადოს ვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ შეუძლია მხოლოდ საკუთარი ძალით ცოდვათაგან განწმენდა, ამისთვის საჭიროა უფლის შეწევნა, მისგან მიტევება. რაც შეეხება მეფის მოთხოვნას, ბრძანებას მოვალე მონის ცოლშვილიანად გაყიდვის შესახებ, "ეს მოთხოვნა ღვთისაგან გაუცხოებას ნიშნავს, რადგან ვინც იყიდება, ის უკვე სხვა ბატონის კუთვნილება ხდება. ცოდვათმქნელობით ამ მონამ სულიც და ხორციც ეშმაკს მიჰყიდა, განეშორა ღმერთს და ბოროტება, ცოდვები მოუმრავლდა. ასე გაყიდა მან თავისი ხორცი ხორცთაგანი - ცოლი (მაშ, ცოლი იგავურად ადამიანის ხორცზე მიგვანიშნებს) და საკუთარი ბოროტი ნაყოფით ანუ შვილებით ეშმაკებს საქმე გაუმრავლა. მეფის ბრძანება, გაყიდე შენი ცოლი და შვილებიო, არის ბრძანება მონის ეშმაკებისთვის სატანჯველად გადაცემისა", - განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი.

იგავის კომენტატორთა განმარტებით, ეს ბრძანება მეფისა იგავურად იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ყოველი მოუნანიებელი ცოდვილი ღვთის დიდების უფლებას კარგავს და მოიკვეთება თავისი უზენაესი მამისაგან.

როგორც აღვნიშნეთ, მეფის ბრძანება მოვალე (ცოდვილი) მონის დემონებისთვის სატანჯველად მიცემას მიანიშნებს, მაგრამ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, "ასეთი ბრძანება მეფემ არა სისასტიკის გამო გასცა, არამედ მხოლოდ გულმოწყალების გამო და იმისთვისაც, რომ დაეშინებინა ეს უგუნური მონა. უდიდესი სიყვარულით აღძრულმა მეფემ ამ მუქარით შეაგულიანა იგი, რათა მორჩილებით მიეყვანა თავისთან". ამდენად, მეფის ბრძანებაში იგავურად უფლისაგან მოვლენილი, დაშვებული სასჯელი მოიაზრება, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ცოდვილი, დაანახვოს საკუთარი ცოდვები და სინანულად მოაქციოს. უფალი ხომ სწორედ იმის გამო უშვებს ადამიანზე სასჯელს სხვადასხვა განსაცდელის სახით, რომ დააფიქროს იგი, გამოაფხიზლოს და მისი სული გადაარჩინოს.

როგორც იგავის მომდევნო ნაწილიდან ჩანს, მონა მუხლმოყრილი ევედრება მეფეს, სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყოველივეს გადაგიხდიო. მეფეს შეებრალა იგი და ვალი საერთოდ აპატია - ე.ი. მონამ შეიგრძნო თავისი ვალის სიმძიმე, რამაც მეფის წინაშე ვედრებად დააყენა, მოაქცია - იგი პატრონს ჰპირდება, რომ ყველა ვალს გადაიხდის. იგავის ამ ნაწილიდან ისიც ჩანს, რომ მონა ვალის პატიებას კი არა, დროს ითხოვს მის გასასტუმრებლად, მაგრამ მეფე ვალს პატიობს. "კაცთმოყვარეობამ ღმერთისა მევალეს ვალი მთლიანად აპატია, თუმცა იგი არა პატიებას, არამედ ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ამგვარად, იცოდე, რომ ღმერთი იმაზე მეტს გვაძლევს, ვიდრე ვითხოვთ", - ბრძანებს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. იგავის ამ ნაწილის თანახმად, უფალი შეგვაგონებს, რომ, გულმოწყალე მეფის მსგავსად, ყველა ცოდვას მოგვიტევებს, თუკი მის მიმართ სინანულად მოვიქცევით; უფალი ხომ მუდამ მოწყალეა იმ ცოდვილის მიმართ, რომელიც თავის ცოდვებს გულწრფელად აღიარებს და გულმხურვალედ ითხოვს შენდობას.

ამხანაგ მონაში, რომელსაც ასი დინარი ვალი აქვს, მოყვასის მიმართ შემცოდე ადამიანი მოიაზრება, ასი დინარი კი, რაც ათი ათას ტალანტზე გაცილებით მცირე თანხაა, მოყვასის მიმართ ჩადენილი ცოდვების გამომხატველია. აქედან ჩანს, რომ მოყვასის მიმართ ჩადენილი ცოდვები გაცილებით მცირე და უმნიშვნელოა, ვიდრე ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვები, რომლებზეც იგავში ათი ათასი ტალანტი მიანიშნებს. ამასთანავე, როგორც ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი აღნიშნავს, "ღვთის მიმართ შემცოდის მიტევება მხოლოდ ღვთისმსახურთ ხელეწიფებათ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება აღესრულოს ცოდვათა მიტევების წმინდა საიდუმლო, მოყვასის წინაშე შემცოდის მიტევება კი ყველას ევალება". ამიტომაც აქვს იგავში უფლება უმოწყალო მონას, აპატიოს ვალი, ე.ი. მიუტევოს ცოდვები მის მიმართ შემცოდე მოყვასს, რაც ღვთისაგან დადგენილი კანონია და ყველა ადამიანს ევალება, მაგრამ თავისი უმოწყალობით, ე.ი. მოყვასის არშენდობით, რაც იგავურად მოვალე მონის საპყრობილეში ჩასმით გამოიხატება, ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, არღვევს ღვთისგან დადგენილ კანონს. "ვიდრე საქმე საკუთარ შეწყალებასა და მიტევებას ეხებოდა, მონა გონივრულად იქცეოდა, თავისი ცოდვები აღიარა, თან მეფეს ყოველივეს გადახდა აღუთქვა, საკუთარი თავი დაადანაშაულა და გააცნობიერა კიდეც ამ ვალის სიდიადე, მაგრამ როგორც კი საქმე სხვის შებრალებასა და პატიებაზე მიდგა, ამ ვითომდა მონანიემ პირველზე უარესი ცოდვა ჩაიდინა, ბოროტად გამოიყენა ღვთისაგან ბოძებული წყალობაც და თავისუფლებაც. გულმოწყალების საზომის წილ მან საკუთარი შეუბრალებლობის, მიუტევებლობის საზომით უპასუხა ღვთის წყალობას", - შენიშნავს წმინდა იოანე ოქროპირი. აქედან ჩანს, რომ უმოწყალო მონა წარმოაჩენს ადამიანს, რომელიც ხედავს თავის ცოდვებს, მაგრამ მათი განცდა, სიღრმისეული შეგრძნება არ გააჩნია. საკუთარ ცოდვათა განუცდელობით ადამიანი შორდება ღმერთს და კარგავს ღვთის მადლს, ამავე დროს სხვათა მიმართ შეუწყნარებელი, უმოწყალო ხდება. "იმათგან, ვინც ღმერთთან რჩება, არავინაა უმოწყალო; ულმობელი მხოლოდ იგია, ვინც ღმერთს შორდება და მისთვის უმოწყალო ხდება", - ბრძანებს ნეტარი თეოფილაქტე იგავის ამ ადგილის განმარტებისას.

იგავის მომდევნო ნაწილიდან ჩანს, რომ უმოწყალო მონის საქციელმა მეფე განარისხა და იგი ჯალათებს გადასცა, რათა ეწამებინათ, ვიდრე მთელ ვალს არ გაისტუმრებდა. საწამებლად გადაცემა იგავურად მარადიული სატანჯველის გამომხატველია, თვით ჯალათებში ბოროტი ძალები - დემონები მოიაზრებიან.

იგავში ნათქვამი - "მტანჯველებს გადასცა, ვიდრე მთელ ვალს არ გადაიხდიდა" - წმინდა იოანე ოქროპირისა და ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით, იმას გულისხმობს, რომ ეს ტანჯვა სამარადისოა, ვინაიდან განკითხვის ჟამს უფლის წინაშე წარდგენილი ცოდვილი უკვე ვეღარ გამოისყიდის ცოდვას და ამის გამო ვერც ვერასოდეს გათავისუფლდება სატანჯველისაგან, არამედ მარადის დაიტანჯება ჯოჯოხეთში. "ვიდრემდის გარდაიხადის" - ჯოჯოხეთური პირობაა, რომელსაც აღსრულება არასოდეს უწერია. ამ უმოწყალო მონის ანუ შეუწყალებელი ცოდვილის ტანჯვა ისევე დაუსრულებელი იქნება, როგორც მის ვალებს არ ექნება ბოლო.

როგორც აღვნიშნეთ, უმოწყალო მონამ მეფის მრისხანება და მკაცრი სასჯელი თავისი შეუბრალებლობის გამო დაიმსახურა. ამავე მიზეზით ეწოდა მას ბოროტი მონა, ანუ ბოროტებით, ბოროტი ცოდვებით შეპყრობილი ადამიანი. როგორც იგავის განმმარტებლები შენიშნავენ, მონა მარტო იმის გამო კი არ ისჯება, რომ მან მაშინ არ გამოიჩინა გულმოწყალება, როცა ამის საჭიროება იყო, არამედ იმ მიზეზითაც, რომ თავად იგი შეიწყალეს, მან კი არ შეიწყალა; რაკი მეფემ მას მთელი ვალი აპატია, თვითონაც ვალდებული იყო, მოყვასისთვის ეპატიებინა: "რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე. განა შენ არ გეკადრებოდა შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?" - მიმართავს მას მეფე. ამ იგავური თქმით უფალი შეგვაგონებს, რომ ისევე შევუნდოთ და ვაპატიოთ მოყვასს, როგორც თავად შეგვინდობს და მოგვიტევებს ცოდვებს. როგორც უმოწყალო მონა დასაჯა მეფემ შეუწყნარებლობის, თანამოძმე მონისთვის ვალის მიუტევებლობის გამო, ასევე დაისჯება ღვთისგან ადამიანი, რომელიც მოყვასს გულწრფელად არ შეუნდობს მის წინაშე ჩადენილ შეცოდებას. სწორედ ეს არის "უმოწყალო მონის" იგავის მთავარი სათქმელი. ამდენად, ამ იგავით უფალი შეგვახსენებს ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც შეუძლებელია ზეციური სასუფევლის, მარადიული ნეტარი ცხოვრების დამკვიდრება, ეს პირობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს მიმართ შემცოდე მოყვასის შენდობაა. თანაც უფალი ზღვარს კი არ უდებს მოყვასის მიტევების კანონს, არამედ მიგვითითებს, რომ იმდენჯერ მივუტევოთ, რამდენჯერაც ამის საჭიროება შეიქმნება, რამდენჯერაც შესცოდავს მოყვასი ჩვენს წინაშე. სწორედ ამის შესახებ გვაუწყა უფალმა პეტრე მოციქულის კითხვაზე გაცემული პასუხით: "მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ". "სამოცდაათგზის შვიდჯერ" მიტევებათა რაოდენობაზე კი არა, მოყვასის მარადჟამ, მარადგზის პატიებაზე მიუთითებს.
 



ნანახია: 736 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0